Sanni

GeorgianRussian (CIS)English
  • Facebook: centersanni

ა ბოტულინის ინექცია (ბოტოქსი, დისპორტი)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

თანამედროვე ორთოპედიაში ბავშვებში ცერებრალური დამბლის სპასტიკური ფორმის მკურნალობის ერთ ერთ ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია კუნთებში ლოკალურად ა ტიპის ბოტულინის ინექცია (ბოტოქსი, დისპორტი).

ა ტიპის ბოტულინის ინექციის უნიკალურ თვისებად ითვლება სპასტიური კუნთის ტონუსის დაწევა. ეს აძლევს ახალ შესაძლებლობებს სპეციალისტებს და მშობლებს კომპლექსურ რეაბილიტაციაში ცერებრალური დამბლის დროს.

ა ტიპის ბოტულინის ინექციის თერაპევტული ეფექტი დამტკიცებულია უამრავი მეცნიერული კვლევით, მაგრამ ეფექტურობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: პაციენტების შერჩევა ჩვენებების და უკუჩვენებების გათვალისწინებით, პროცედურის ჩატარების მომზადება, პრეპარატის შეყვანის სწორი ტაქტიკა და ტექნიკა და რაც მთავარია რეაბილიტაციური „გუნდის“ (რეაბილიტოლოგი, ნევროლოგი, ორთოპედი) მიერ სწორად დაგეგმილი მუშაობა ინექციის შეყვანის შემდგომ პერიოდში. ასევე მშობლები უნდა გახდნენ აქტიური მონაწილეები თავიანთი ბავსვის მკურნალობაში.

ჩვენი ორგანიზმის ყველა კუნთი დაკავშირებულია და იმართება ცენტრალურ ნერვულ სისტემის მეშვეობით. ეს კავშირი ხორციელდება უამრავი ნერვული ბოჭკოთი, რომლებითაც სისტემატურად ხდება სხვა და სხვა ტიპის „სიგნალების“ გადაცემა. ამ სიგნალების მეშვეობით კუნთი საჭირო მომენტში ან იკუმშება ან დუნდება. ამ მექანიზმის დარღვევის დროს (რასაც ვხვდებით ცერებრალური დამბლის შემთხვევაში) თავის ტვინი იწყებს კუნთისთვის „არასწორი სიგნალების“ გაგზავნას, რის შედეგადაც შეიძლება წარმოიშვას ზედმეტი გადაძაბვა - კუნთის ტონუსის მომატება - სპასტიკა. ამ შემთხვევაში მდგომარეობის შესამსუბუქებლად დგება საჭიროება დროებით სპაზმური კუნთის გათიშვის „არასწორი იმპულსების“ დინებისგან. ა ტიპის ბოტულოტოქსინს შეუძლია მოლეკულურ დონეზე დაბლოკოს ამ ტიპის სიგნალების გადაცემა ნერვიდან კუნთზე, რისი წყალობითაც კლებულობს კუნთების სპასტიკური დაჭიმულობა.

ინექციის შეყვანის შემდეგ ეფექტი დგება გარკვეული პერიოდის შემდეგ (რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე - როგორც წესი 5-7 დღის ფარგლებში). პრეპარატის მოქმედების დრო ინდივიდუალურია, რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე, რის შემდეგაც პათოლოგიური ტონუსი ნაწილობრივ ბრუნდება. ამიტომ მნიშნელოვანია ინექციის შეყვანის შემდეგ პირველივე დღეებში ფიზიკური კომპლექსური რეაბილიტაციის დაწყება. პრეპარატის მოქმედების პერიოდი უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული აქტიური რეაბილიტაციის ჩატარებისათვის. ამ პერიოდში ხდება სახსრების მოძრაობის გაუმობესება, მკვრივდება მეზობლად მოდუნებული კუნთები, რის შედეგადაც ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს ახალი მოძრაობები და საერთოდ შესაძლებელია მიეცეს უნიკალური შანსი სიარულის დაწყებისა. ერთობლივად ჩატარებული ა ტიპის ბოტულინის ინექცია და ფიზიკური თერაპია რიგ შემთხვევებში გვაძლევს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ქირურგიული ჩარევა. ასევე ა ტიპის ბოტულინის ინექცია წარმოადგენს ერთ-ერთ ობიექტურ ტესტს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების აუცილებლობის განსაზღვრისათვის.

გარდა ზემოთხსენებულისა, განმეორებითი ინექციების გაკეთება იმავე ან სხვა კუნთებში მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტის კომპლექსური რეაბილიტაციის ეფექტურობას.

მოძრაობის სფეროში მძიმე დაზიანების დროს ინექციის გაკეთება გვაძლევს კუნთის ტონუსის დაწევის ეფექტს, ტკივილის შემცირებას და ბავშვის მოვლის შემსუბუქებას. ინექციის შეყვანის შემდეგ სპასტიკის დაწევა არ არის უბრალოდ თვითმიზანი, არამედ არის მნიშვნელოვანი შანსი ახალი მოძრაობების ათვისების და დახვეწის.

 
მთავარი მკურნალობა ა ტიპის ბოტულინის ინექცია (ბოტოქსი, დისპორტი)